Pilotsfilms@gmail.com  •  (+995) 599 922 422

გუდაური

გუდაური სრულიად თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, იგი ასევე იდეალური ადგილია სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის. კურორტო მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კმ-ის დაშორებით. მცირეთოვლიანობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლის მდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. თოვლის საშუალო სიმაღლე მთის ფერდობზე 1.5 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და მშვიდი ამინდები.

გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს. სასრიალო ბილიკების დახრილობა უდიდეს სიამოვნებას იწვევს როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისათვის. პროფესიონალ მოთხილამურეთათვის გუდაურის ფერდობებს გააჩნია ოთხივე სპორტული სასრიალო ბილიკი: სლალომი, სლალომი-გიგანტი, სუპერ გიგანტი და ჩქაროსნული დაშვება. ყველა სასრიალო ბილიკის კატეგორია დამტკიცებულია FIS-ის მიერ.

კურორტი გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის მონუმენტურ მთათა სისტემითა და მასივებით. ზამთრის სეზონი აქ საშუალოდ აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. კურორტი ეგრედწოდებულ ალპურ ზონაშია განთავსებული, ამიტომ იგი თავისუფალია ტყის მასივებისა და სქელტანიანი მცენარეებისაგან, რაც მოთხილამურეების დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს.

კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება ეგრედწოდებული Freerider-ის მოყვარულთათვის, აქ თოვლი საკმარისად ღრმა და საკმარისად მშრალია, რაც სპორტის ამ სახეობისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. კურორტის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობად კი ეგრედწოდებული Heliski-ს სახეობების ხელმისაწვდომობაა, სამთო-სათხილამურო სპორტის ეს სახეობა გუდაურში დაშვებული და ღირებულებით მსოფლიოში ერთ-ერთი მიმზიდველია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის.

როგორც აღინიშნა, კურორტის მთავარი უპირატესობა თბილისთან სიახლოვე და ტრასების მრავალფეროვნებაა. აქ ხშირად ერთი დღითაც ჩადიან, საკუთარი მანქანით შეგიძლიათ გახვიდეთ დილის 8 ზე, ისრიალოთ და საღამოს 7 ზე უკვე თბილისში იქნებით.